შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ზ.ხ-მ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.
არასრულწლოვანი სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოკითხვას, პროკურორის აცილებას და გაუთქმელობის პირობის მოხსნას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
"ჩემმა შვილმა დღეს ოფიციალურად განაცხადა სასამართლოზე, რომ იგი იწყებს შიმშილობას მანამ, სანამ არ გაატარებენ სიცრუის დეტექტორს ქვეშ. მეორე მოთხოვნაა გაგრძელდეს მედიასთან კავშირი იმიტომ, რომ იმდენი დეზინფორმაცია გაავრცელეს, ჩვენ არგუმენტები გვაქვს გასაბათილებელი, ამიტომ გვინდა რომ თქვენ გააშუქოთ. მე გადავწყვიტე გენერალური პროკურატურის წინ დავიწყო შიმშილობა.
მესამე მოთხოვნაა პროკურორის აცილება. ჩემმა შვილმა ჩამოუყალიბა მოსამართლეს, რომ ის პროკურორი, რომელიც მას სდებს ბრალს, აქვს პირადი ინტერესი იმიტომ, რომ მან გაუყალბა ჩემ შვილს ჩვენება, რომელიც შეასწორა კომპიუტერში. მე, ჩემი ცოლის ძმა და ჩემი შვილიც იქ ვიყავით, როდესაც ჩვენებას ასწორებდა. პირადი ინტერესი აქვს მას ჩემი შვილის გამტყუნებაში.
ჩემ შვილს უჩნდება უსამართლობის გრძნობა, რადგან ვინც მის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული, ის ადამიანი სდებს ბრალს. მოსამართლემ არ დაუჯერა ჩემ შვილს, ვერ დამიმტკიცებთ თქვენო და არ მიიღო პროკურორის აცილების გადაწყვეტილება.
ამის შემდეგ დემონტრაციულად დავტოვე დარბაზი და შევპირდი, რომ მალე ის იჯდება ჩემი შვილის ადგილზე", - აცხადებს არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართა. არასრულწლოვნები ძალადობის ორგანიზებაში არიან ბრალდებულები.
ზ.ხ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება.